ვლადიმერ კონსტანტინიდი: დიასპორის მონაწილეობა ფასდაუდებელია საქართველოს განვითარების პროცესში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის” საგრანტო პროგრამის – „STEM მასტერკლასის” – ფარგლებში, გაიმართა პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდების დაჯილდოება.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დიასპორის მხარდასაჭერად გამიზნული საგრანტო პროგრამები ქართულ დიასპორაში სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს, რაზეც დიდი ინტერესი და მონაწილე ქვეყანათა არეალის გაფართოება მიუთითებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის” საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ციფრულმა პლატფორმამ „სფიჩი” წარმოადგინა პროექტი – უცხოეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერების “STEM მასტერკლასები სტუნდენტებისათვის”, რომელშიც თავი მოუყარა უცხოეთში მოღვაწე ქართველ პროფესიონალთა მიღწევებს, როგორც მნიშვნელოვან ინტელექტუალურ საგანძურს, რათა მათი ცოდნა და გამოცდილება საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის გაეზიარებინათ. მოხარული ვართ, რომ ჩვენი საერთო მიზნების განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდა თაობაც, რომ ისინი დაინტერესებული არიან თავიანთი ნიჭითა და ინტელექტით წვლილი შეიტანონ ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში.”- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის” მნიშვნელობას. ეს პროგრამა წელს უკვე მეოთხედ ხორციელდება და საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებების გარდა, ევროკავშირის წევრობისთვის მზადების პროცესში, მაღალპროფილური დიასპორის გააქტიურებას და ჩართულობასაც გულისხმობს.

„სწორედ ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ციფრული პლატფორმა „სფიჩის” მიერ განხორციელებული პროექტი. ამ პროექტში ჩვენი წარმატებული თანამემამულეების მონაწილეობა ცხადყოფს, რომ სააზღვარგარეთ მოღვაწე დიასპორის წარმომადგენლები სამშობლოსთვის დანაკარგს კი არ წარმოადგენენ, არამედ პირიქით – მათი ჩართულობა და ქვეყნის განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობა, მათი უანგარო სურვილი, საკუთარი პოტენციალი, ცოდნა და გამოცდილება სამშობლოს მოახმარონ, ქვეყნისთვის დიდი მონაპოვარია,”- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი ნინო გვენეტაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე და გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები