რუსი ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს მასირებულად უტევენ.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ რაკეტების უმეტესობის მოგერიება მოხერხდა.
კერძოდ, სარაკეტო იერიშის შესახებ ჩერნიგოვის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ჩაუსი წერს, “სარაკეტო იერიში გრძელდება. დარჩით თავშესაფრებში ან უსაფრთხო ადგილას, არ გაავრცელოთ ფოტო და ვიდეო”.
მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი რუსული სარაკეტო თავდასხმების მესამე ტალღაზე იტყობინება.
აფეთქებების ხმაა კიევის ოლქში. როგორც კიევის მერმა დაწერა, ქალაქში ორი ჭურვი საცხოვრებელ სახლზე ჩამოვარდა, 4-ის მოგერიება მოხერხდა.
ჩერკასკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იგორ ტაბურეცი წერს, რომ რაკეტები ოლქის თავზეც არის შემჩნეული.
საჰაერო თავდაცვის სისტემები ამუშავებულია მირგოროდის თემში, პოლტავას რეგიონში, ვინიცას, მიკოლაევის, სუმის, ხმელნიცკის, ლვოვისა და ჟიტომირის რეგიონებში.
ლვოვის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.