“რუსეთი საკუთარ პოლიტიკას ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ააგებს” – პუტინი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი თავის პოლიტიკას ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ააგებს. მისი თქმით, ამას დღეს დამატებითი მნიშვნელობა აქვს.
ამის შესახებ მან საორგანიზაციო კომიტეტის – “პობედა”-ს სხდომაზე თქვა.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფაქტები, ისტორიული ფაქტები გახდეს მილიონობით ადამიანის საკუთრება, რომ სწორედ მათზე დავამყაროთ ჩვენი დღევანდელი ქცევა და ავაშენოთ მომავლის პოლიტიკა. ამას სერიოზული, დამატებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღისა და მომავლისთვის“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, არ უნდა მოხდეს იმის მივიწყება, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება საბჭოთა კავშირის ყველა ხალხის წარმომადგენელმა მოიპოვა.
„ეს არასდროს დაგვიწყებია, არ გვავიწყდება და არ დავივიწყებთ. ამასთან, ისტორიული ფაქტია, რომ დიდ სამამულო ომში დანაკარგების 69%, თითქმის 70% რუსეთის ფედერაციაზე მოდის. ეს ასევე ისტორიული ფაქტია“, – აღნიშნა პუტინმა.