მაკრონმა სი ძინპინს მოუწოდა, უბიძგოს პუტინს – ომის დასრულებისთვის რეალური მოლაპარაკებები დაიწყოს

G20-ის სამიტის ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა, რომელთანაც სხვა საკითხებთან ერთად უკრაინაზე ისაუბრა და სთხოვა, მოუწოდოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, უკრაინასთან ომის დასრულებისთვის რეალური მოლაპარაკებების გამართვაზე დაფიქრდეს.

ამის შესახებ BFMTV ელისეის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

„ემანუელ მაკრონმა ჩინეთს სთხოვა, დაეხმაროს პრეზიდენტ პუტინთან სიგნალების გაგზავნაში, რომ მოხდეს დეესკალაცია, ასევე, სერიოზულად დაფიქრდეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებაზე“, – აღნიშნეს ელისეის სასახლეში.

კომუნიკეში ნათქვამია, რომ „ორივე ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა და შეთანხმდნენ დროული დეესკალაციის აუცილებლობაზე. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მტკიცე პოზიცია ბირთვული იარაღის გამოყენების პრევენციის შესახებ. პრეზიდენტმა სი-მ მხარი დაუჭირა მშვიდობის მისაღწევად საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივებს”, – ნათქვამია ტექსტში.

მაკრონმა კოლეგას უთხრა, რომ ომის მძიმე გლობალური შედეგების თავიდან არიდებისთვის საჭიროა პეკინისა და პარიზის მჭიდრო კოორდინაცია.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკრონი მზად არის ჩინეთში ვიზიტისთვის 2023 წლის დასაწყისში.

ეს იყო მისი პირველი შეხვედრა სი ძინპინთან 2019 წლის ნოემბრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები