ზელენსკიმ G20-ის ლიდერებს “მშვიდობის უკრაინული ფორმულა” შესთავაზა, რომელიც 10 პუნქტისგან შედგება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “დიდი ოცეულის” ლიდერებისადმი მიმართვაში თქვა, რომ “თუ რუსეთს თითქოსდა სურს ომის დასრულება, მან ეს ქმედებით უნდა დაადასტუროს”.
მისი თქმით, არ არის საჭირო – უკრაინას შესთავაზო “კომპრომისები სინდისთან, სუვერენიტეტთან, ტერიტორიასა და დამოუკიდებლობასთან“ დაკავშირებით.
ამავე დროს, ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს „მშვიდობის უკრაინული ფორმულა“ შესთავაზა.
„მშვიდობა უკრაინისთვის, ევროპისა და მსოფლიოსთვის. არსებობს გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც შეიძლება, განხორციელდეს მშვიდობის ნამდვილი უზრუნველყოფისთვის“, – თქვა მან და დასძინა, რომ უკრაინული ფორმულა გულისხმობს:
1. რადიაციულ და ბირთვულ უსაფრთხოებას.
2. სასურსათო უსაფრთხოებას.
3. ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
4. ყველა პატიმრისა და დეპორტირებულის გათავისუფლებას.
5. გაეროს წესდების განხორციელებას და ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენას.
6. რუსული ჯარების გაყვანას და საომარი მოქმედებების შეწყვეტას.
7. სამართლიანობის აღდგენას.
8. ეკოციდის წინააღმდეგ ბრძოლას.
9. ესკალაციის პრევენციას.
10. ომის დასრულების დაფიქსირებას.