ევროკავშირმა ირანში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩახშობის გამო დამატებითი სანქციები დააწესა
ევროკავშირმა ირანის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისთვის დამატებითი სანქციები დააწესა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
გამოცემის ცნობით, სანქციები 29 ფიზიკურ პირს და სამ ორგანიზაციას შეეხება.
„ჩვენ ვდგავართ ირანელი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ მათი მშვიდობიანი პროტესტის, მოთხოვნებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოთქმის უფლებას“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.
ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები მას შემდეგ იმართება, რაც 13 სექტემბერს “მორალის პოლიციამ” 22 წლის მაჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. მაჰსა ამინის ორი საათის განმავლობაში აწამებდნენ, მას თავში სასტიკად ურტყამდნენ და აშინებდნენ. ამინის ტვინისა და გულის შეტევა დაემართა და კომაში ჩავარდა. ის საავადმყოფოში 16 სექტემბერს გარდაიცვალა.