საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ის ომში არ გაიმარჯვებს, ხოლო გამარჯვების პარამეტრებს თავად უკრაინა განსაზღვრავს.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, აღნიშნულის შესახებ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მეთაურების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რომ თითქოს აშშ და თურქეთი უკრაინას მოლაპარაკებისკენ უბიძგებენ.
„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მის გამარჯვებამდე. ეს გამარჯვება უკრაინის მიერ განსაზღვრულ პარამეტრებს დაეფუძნება. ქვეყანა, რომელიც ნადგურდება, უკრაინაა. ისინი, ვინც იყინებიან, უკრაინელები არიან. რამდენიმე მილიონი ადამიანი, ვინც უკრაინა დატოვა, უკრაინელია. ომის მსხვერპლნი უკრაინელები არიან. ასე რომ, უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.