“არანაირი მოლაპარაკება უკრაინის გარეშე” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხერსონის გათავისუფლებას უკრაინის მნიშვნელოვან გამარჯვებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინის მონაწილეობის გარეშე, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებას არ გამართავს.

ამის შესახებ ბაიდენმა ბალიში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა რუსეთის მიერ ხერსონიდან უკან დახევას, ომში გარდამტეხ მომენტად და მზად არის თუ არა შეერთებული შტატები მხარი დაუჭიროს უკრაინას კიევის მიერ გამოცხადებული მიზნის მისაღწევად – მთელი ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის განთავისუფლებას, აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ “ეს არის უკრაინის მნიშვნელოვანი გამარჯვება.
“მე ვერაფერს გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ მივესალმო უკრაინელი ხალხისა და უკრაინელი სამხედროების გამბედაობას, მონდომებასა და შესაძლებლობებს. ისინი მართლაც არაჩვეულებრივი იყვნენ”, – განაცხადა მან.

მანვე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „განაგრძობს უკრაინელი ხალხის თავდაცვის მხარდაჭერას“.

“ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობას არცერთ მოლაპარაკებებში. არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინელებმა უნდა მიიღონ”, – განაცხადა ბაიდენმა, რუსეთის ფედერაციასთან პოტენციური მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე საუბრისას.

ბაიდენი ასევე მოელის, ზამთარში ბრძოლის ველზე “გარკვეულ შენელებას”, ნაწილობრივ იმის გამო, რომ “ქვეყანაში ადვილად გადაადგილება შეუძლებელი იქნება”.

მაგრამ, მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია ვერ შეძლებს თავდაპირველი მიზნის მიღწევას.

“დარწმუნებული ვარ, რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინის ოკუპაციას ისე, როგორც თავდაპირველად სურდათ“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები