Reuters: ჩინეთი რუსეთით უკმაყოფილოა

რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას უპასუხისმგებლოდ იყენებს, – განაცხადა ჩინეთის პრემიერმინისტრმა, ლი კეციანმა კამბოჯაში, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე.

ამის შესახებ Reuters-ი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

ოფიციალური პირის თქმით, ჩინეთის პრემიერმა ვრცლად ისაუბრა უკრაინის მიმართ ჩინეთის პოლიტიკაზე და ცხადყო, რომ პეკინი უკმაყოფილოა მისი სტრატეგიული პარტნიორის, რუსეთის ბირთვული რიტორიკით.

„ლი კეციანმა მკაფიო აქცენტი გააკეთა სუვერენიტეტზე, ბირთვული მუქარის უპასუხისმგებლობაზე, იმის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე, რომ ბირთვული იარაღი არ გამოიყენებოდეს ისე, როგორც ზოგიერთმა მიანიშნა“, – თქვა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

როგორც მანვე  აღნიშნა,  “ეჭვს გარეშეა, რომ, რუსეთის მხრიდან უგუნური რიტორიკისა და აქტივობის გამო, პეკინში გარკვეული დისკომფორტი იყო”.

”ვფიქრობ, ასევე უდავოა, რომ ჩინეთი, ალბათ, გაკვირვებული და გარკვეულწილად დარცხვენილიც კი არის რუსული სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის გამო”, – თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

დღეს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე “დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში აშშ-ისა და ჩინეთის პირველი პირების შეხვედრა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები