“თურქეთში თავდასხმები ცალკეული ქვეყნების მხრიდან ტერორისტების მხარდაჭერის შედეგია” – ერდოღანის ადმინისტრაცია

“საერთაშორისო საზოგადოებამ ნათლად უნდა გააცნობიეროს, რომ თურქეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმები ცალკეული ქვეყნების მიერ კრიმინალური ორგანიზაციების პირდაპირი თუ არაპირდაპირი მხარდაჭერის შედეგია”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ფაჰრეთინ ალთუნმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ალთუნმა მოუწოდა ყველა ქვეყანას, რომელიც თურქეთთან მეგობრულ ურთიერთობას ეძებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ტერორისტებთან ნებისმიერი კონტაქტი.
მან გამოთქვა რწმენა, რომ სტამბოლის ტერაქტში მონაწილე ყველა პირი გამოვლინდება და დამსახურებულად დაისჯება.
ალთუნმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერაქტების ორგანიზატორები და განმახორციელებლები თავიანთ მიზნებს ვერ მიაღწევენ.
„ყოველი გამოწვევა და ტრაგედია განწირულია მარცხისთვის. თურქეთი სიტუაციიდან გაძლიერებით გამოდის. ჩვენი ქვეყანა, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით, გააგრძელებს მტკიცე ბრძოლას სისხლიანი კრიმინალური ორგანიზაციების წინააღმდეგ“, – განაცხადა თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
სტამბოლში აფეთქება 13 ნოემბერს საფეხმავლო ტურისტულ ისტიკლალის ქუჩაზე მოხდა. ქვეყნის ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად აფასებს, რომლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა.
ამ დროისთვის, დაშავებულთაგან ნახევარზე მეტი საავადმყოფოდან გაწერილია.
ტელეკომპანია NTV-ს ინფორმაციით, ისტიკლალის ქუჩა ტურისტებისთვის ისევ გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები