ბერლინში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დაცვის ყოფილ თანამშრომელს, 58 წლის დევიდ ბალანტაინ სმიტს 14-წლიანი პატიმრობა ემუქრება. მამაკაცმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდება აღიარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “The Financial Times” ავრცელებს.
ბრიტანეთის მოქალაქემ თავისი ბრალეულობა წარდგენილი 8 პუნქტის მიხედვით აღიარა. დანაშაული 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 აგვისტოს პერიოდში იყო ჩადენილი.
სმიტი გერმანულმა პოლიციამ გასული წლის 10 აგვისტოს დააკავა და აპრილში დიდ ბრიტანეთში მოახდინა მისი ექსტრადირება.
მან ასევე აღიარა ვიდეოთვალთვალი საელჩოში, რამაც საშუალება მისცა მას შეეგროვებინა ინფორმაცია საელჩოს მუშაობის და გეგმების შესახებ. 2021 წლის 5 აგვისტოს, მამაკაცმა რუსეთის სახელმწიფოს გადასცა ინფორმაცია საელჩოს დავალებების შესახებ და ასევე გააკეთა საბუთების არასანქცირებული ფოტო-ასლები.