უკრაინა ბელარუსთან საზღვარზე კედელს აშენებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე კედელი შენდება, ხოლო რუსეთთან მოსაზღვრე ოლქებში კი ფორტიფიკაციებითაც ამაგრებენ.
„ჩრდილოეთით მუშაობა დუღს – აქ ბელარუსთან საზღვარზე კედელს აშენებენ. თხრილი, ბორცვი, რკინაბეტონის ღობე მავთულხლართებით – ესაა საინჟინრო ბარიერები, რომლებსაც ვოლინის ოლქში აშენებენ. ასე უკვე მოწყობილია საზღვრის დაახლოებით 3 კილომეტრი, მუშაობა გრძელდება. ეს ყველაფერი არაა, მაგრამ ყველა დეტალს არ გავამხელთ. მუშაობა მიმდინარეობს ასევე რივნესა და ჟიტომირის ოლქებში“, – წერს ტიმოშენკო „ტელეგრამზე“.
როგორც მან აღნიშნა, საფორტიფიკაციო ნაგებობები რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში შენდება.
მანვე დასძინა, რომ უკრაინელ მესაზღვრეებს გააჩნიათ „ყველა საჭირო აღჭურვილობა იმისთვის, რომ მტერი ძალიან შორიდან დაინახონ“.