შემოსავლების სამსახური, “თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ დეზინფორმაციას, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ დეტალური სტატისტიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, “თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის დანიშნულებით გადაადგილებული ტვირთების 204 დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევაა დასახელებული. თუმცა, ამავე ანგარიშში „თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ არ აღნიშნა შემოსავლების სამსახურის მიერ, საპასუხო წერილით მიწოდებული ინფორმაცია – სანქცირებული საქონლის/სანქცირებული პირის კუთვნილი საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას და გაფორმების ადგილებში დეკლარირებაზე უარის თქმის 120-ზე მეტი ფაქტის შესახებ.
„დღეის მონაცემებით, საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 606 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 160 შემთხვევა გამოვლინდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამო, რუსეთის ფედერაციის მიმართ შემზღუდველ სანქციებთან დაკავშირებით, ევროპის საბჭომ მიიღო რიგი გადაწყვეტილებები (EU) No 833/2014. მათ შორის, ევროპის საბჭოს 2022 წლის 15 მარტისა (EU) 2022/576 და 8 აპრილის ცვლილებების (EU) 2022/428 მეოთხე და მეხუთე პაკეტები. აღნიშნული პაკეტები მოიცავს იმ ძირითადი საქონლის (ხე-ტყე, ცემენტი, ზღვის პროდუქტები, ლიქიორი, რკინა, ფოლადი, ფუფუნების საქონელი და სხვა) ჩამონათვალს, რომლის შეტანა ან/და გამოტანა იკრძალება რუსეთის ფედერაციაში. აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
ზემოაღნიშნულ თარიღებში, ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკვე ახორციელებდა სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრ კონტროლს. შესაბამისად, კონკრეტული სანქცირებული ტვირთების უკან გაბრუნება და განსაზღვრული რისკის პროფილების გააქტიურება, სწორედ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის სიების დამტკიცებისთანავე (აპრილის თვის დასაწყისში და არა ორი თვის შემდეგ როგორც ეს ანგარიშშია აღნიშნული) მოხდა. გარდა აღნიშნულისა, უწყების მიერ, „თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის“ მიწოდებული დოკუმენტით (საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობები) კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების ფაქტი 23 აპრილით თარიღდება და ბრალდება თითქოს – ,,ომის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში, საბაჟო კონტროლის დროს რუსეთის და ბელარუსის მიმართულებით სანქცირებული ტვირთების გადაადგილების იდენტიფიცირება არ მომხდარა“ აბსურდია.
რაც შეეხება, ამავე ანგარიშში აღნიშნულ უპილოტო საფრენ აპარატებს, როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების საქონელს, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამდეც და ამჟამადაც ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს.
ამასთან ანგარიშში, აღნიშნულია თითქოს შემოსავლების სამსახურმა, „საბაჟო საიდუმლოების მოტივით, სრულად დაფარა იმპორტიორის და ექსპორტიორის (იურიდიული პირების შემთხვევაშიც) შესახებ ინფორმაცია“ – რაც წარმოადგენს სრულ სიცრუეს.
გვინდა ხაზგასმით განვმარტოთ, რომ საბაჟო/საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვისა და მისი დამუშავების წესს არეგულირებს/განსაზღვრავს საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-11 მუხლი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლი, ასევე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის II თავი საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებული შესაბამისი ნორმა.
სამწუხაროდ, ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, 7 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიში სახელწოდებით „რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის აღსრულება საქართველოში“ არის ტენდენციური და მასში მოყვანილი ცრუ ცნობები მიზნად ისახავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეპუტაციის შელახვას. ,,თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ წერილობით მიმართა უწყებას და მოითხოვა 2022 წლის 25 თებერვლის შემდეგ, სანქცირებული ტვირთების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია, რაზეც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა, კომპეტენციის ფარგლებში, 2022 წლის 16 აგვისტოს წერილობითვე გასცა პასუხი.
აქვე გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო გამოშვებაში ,,ანტიკორუფციული მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლაშა ფარულავას მიერ, გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთიდან სანქცირებული ნავთობპროდუქტი შემოვიდა, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყების დისკრედიტაციას.
შემოსავლების სამსახური ბ-ნ ლაშა ფარულავასგან მოითხოვს ე.წ. უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლებიც დაადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული ტვირთების შემოსვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ბრალდებები ჩაითვლება როგორც უწყების, ასევე შემოსავლების სამსახურის თითოეული თანამშრომლის დისკრედიტაციის მორიგ, უსუსურ მცდელობად“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.