საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, აშშ-ში კონგრესის შუალედურ არჩევნებს დააკვირდა
საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის შუალედურ არჩევნებს დააკვირდა.
ცესკო-ს ინფორმაციით, დელეგაციის წევრები საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით 8 ნოემბერს გამართულ არჩევნებს კალიფორნიის შტატში, ლოს ანჯელესში დააკვირდნენ.
„ისინი ლოს ანჯელესის ხმის მიცემის ცენტრებში იმყოფებოდნენ და პირადად გაეცნენ საარჩევნო პროცედურებს, რომელიც ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა. კერძოდ კი, გამოყენებული იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი საარჩევნო უნიკალური სისტემა (VSAP).
გიორგი კალანდარიშვილის თქმით, აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო პროცესზე დაკვირვება და გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა დავაკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას ლოს ანჯელესის ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ, ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ის ტექნოლოგიური საშუალებები, რომელსაც ეს ადმინისტრაციული ერთეული იყენებს საარჩევნო პროცესის მაღალი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველსაყოფად. ყურადღებით ვაკვირდებით როგორ მიმდინარეობს კენჭისყრის დღე და რა უპირატესობები აქვს ტექნოლოგიურ საშუალებებს ტრადიციულ მეთოდთან შედარებით. ეს გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმისათვის რომ 2024 წელს გასამართი არჩევნები, რომლის დროსაც იგეგმება ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენება, მაქსიმალურად ეფექტიანად იყოს ადმინისტრირებული“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში ლოს ანჯელესის ოლქის ადმინისტრაციის მთავარ მოხელეს, დინ ლოგანს და საარჩევნო საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს VSAP სისტემის განვითარებისა და წარმატებული დანერგვის საკითხები. დინ ლოგანთან შეხვედრისას დეტალურად განიხილეს საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის ეტაპები და გამოწვევები, ასევე, ამ მიმართულებით განხორციელებული საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიები. დელეგაციის წევრები ასევე იმყოფებოდნენ VSAP-ის ოპერაციების ცენტრში, სადაც პირადად გაეცნენ მთავარ ტექნოლოგიურ სიახლეებს და შესაბამისი აპარატების მუშაობას.
ტექნოლოგიების დანერგვის ჭრილში გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის მიზნით დელეგაციამ სამუშაო შეხვედრები ასევე გამართა სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან.
დელეგაცია ლოს ანჯელესში საერთაშორისო ორგანიზაცია Transparencia Electoral-ის და ლოს ანჯელესის ოლქის ადმინისტრაციის მიწვევით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ცესკო-ს თავმჯდომარე – გიორგი კალანდარიშვილი, ცესკო-ს მდივანი – გიორგი ჯავახიშვილი, ცესკო-ს წევრი – გიორგი ცაცაშვილი და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი – ეკა ცაბაშვილი. საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციასთან ერთად არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდა საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი – ლევან იოსელიანი.
საერთაშორისო ორგანიზაცია Transparencia Electoral-ს ლათინური ამერიკის ქვეყნებში საარჩევნო საკითხებზე მუშაობისა და არჩევნებზე დაკვირვების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.