პარლამენტში ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის ეროვნულ სტრატეგიაზე მსჯელობენ

პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით, ორდღიანი მულტისექტორული დისკუსია გაიხსნა.

პარლამენტის ინფორმაციით, განხილვის თემას ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის ეროვნული სტრატეგია და 2023-2030 წლების სამოქმედო გეგმა წარმოადგენდა.
დოკუმენტის შემუშავება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მოსახლეობის ფიზიკურ აქტივობას, შესაძლებელი გახდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ექსპერტული და ფინანსური მხარდაჭერით, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობით.

„დღეს, ურბანიზაციის და გლობალიზაციის პირობებში, კოვიდპანდემიის დროს, მკვეთრად არის შემცირებული ფიზიკური აქტივობა, რომელიც არაგადამდები დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. მათი პრევენცია და ამ დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი კომიტეტის და პარლამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ პრობლემის გადაჭრისთვის ყველა მხარის ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რათა ერთობლივად დავდოთ რეკომენდაციები. შედეგი მართალია დღესვე არ გვექნება, ამიტომაც ეს გეგმა 2023-2030 წლებზეა გათვლილი”, – განაცხადა ღონისძიების გახსნისას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ ამ სტრატეგიის შემუშავებას და საბოლოოდ მის განხორციელებას შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო ხელშეწყობა ექნება. ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ და ყურადღება არაგადამდები დაავადებების წინააღმდეგ ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ფიზიკური აქტივობა არის ერთ-ერთი ქმედითი და ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ არაგადამდები დაავადებები და დავეხმაროთ საქართველოს მოსახლეობას ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. სტრატეგია, რომელიც ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობისთვის მთელ რიგ ღონისძიებებს სახავს, სცდება ჯანდაცვის სისტემის კომპეტენციის სფეროს, თუმცა ამ სტრატეგიის შედეგები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობაც გაუმჯობესდეს და უამრავი რესურსი დაიზოგოს, რადგან პრევენციაში ჩადებული ინვესტიცია არის ის ინვესტიცია რომელიც დიდი უკუგების და სარგებლის მიღების შესაძლებლობას გვაძლევს”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, სამინისტრო მზადაა სრულად ჩაერთოს სტრატეგიის მომზადების და დამუშავების პროცესში, ასევე გაიზიაროს პასუხისმგებლობა მის განხორციელებასა და კონტროლზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ ამასთანავე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისს, მის ხელმძღვანელს არაგადამდებ დაავადებათა მართვაში უდიდესი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, სილვიუ დომენტეს განცხადებით, პარლამენტის ხელშეწყობით, უკვე მოხდა აღნიშნული სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვა. მან იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ყველასთვის მისაღებ დოკუმენტს შეიმუშავებენ, რასაც დღევანდელი განხილვებიც შეუწყობს ხელს.

„საბოლოო მიზანი გახლავს, რომ შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც იქნება ჯანსაღი ზოგადად მოსახლეობისთვის, ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის, ბავშვებისთვის, შევინარჩუნებთ ჯანმრთელობას და ვიქნებით პროდუქტიულები, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ კეთილდღეობას და ეკონომიკურ ზრდას”, – განაცხადა სილვიუ დომენტემ.
როგორც სხდომაზე აღნიშნა, შეხვედრების მიზანს საბოლოო დოკუმენტის შემუშავება წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიმღებთა, ჯანდაცვის პროფესიონალებისა და საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებას ფიზიკური აქტივობისთვის სრულმასშტაბიანი სისტემის ჩამოყალიბებისა და დანერგვისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები