ზესტაფონში მეტალურგის დღე აღინიშნა

„ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველმა გუნდმა ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხნის მეტალურგები დააჯილდოვა და პროფესიული დღე მიულოცა.

მეტალურგებს კომპანიის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. მეტალურგის დღეს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები და ადგილობრივი მთავრობის წევრები დაესწრნენ.

პროფესიული დღე მეტალურგებს, პირადად მიულოცა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა – ნიკოლოზ ჩიქოვანმა, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა – ბეჟან წაქაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში – ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონის მერმა – ვასილ გველესიანმა, „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო მართვის დირექტორმა – ლაშა თუთბერიძემ და ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა – გოჩა ქურდაძემ.

„პროფესია მეტალურგი ძლიერი, შრომისმოყვარე, მიზანდასახული ადამიანების საქმეა, რომელიც ხელოვნებასა და მეცნიერებას აერთიანებს. მეტალურგთა შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა გულწრფელ აღიარებას, პატივისცემასა და დაფასებას იმსახურებს. მეტალურგობა მოითხოვს დიდ გამბედაობას, ვაჟკაცობას და შრომისმოყვარეობას. ეს ის თვისებებია, რომლებსაც თითოეულ თანამშრომელში ვხედავ და რომელიც უდიდეს პატივისცემასა და დაფასებას იმსახურებს,“ –  განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

მეტალურგის პროფესიულ დღეს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს. მიზანი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულების დაფასება და მომავალ თაობაში მეტალურგის პროფესიის პოპულარიზაციაა. ფეროშენადნობთა ქარხანაში, მეტალურგის დღეს საზეიმოდ გაიხსნა ექსპერიმენტული ღუმელი მეორე საამქროში.

„ექსპერიმენტული ღუმელი უნიკალური პროდუქციის, კრისტალური სილიციუმის ტექნოლოგიის ათვისებაში დაგვეხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმო ზრდის თავის წარმოებას ახალი მიმართულებებით,“ განაცხადა ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა გოჩა ქურდაძემ. მეტალურგის დღის აღნიშვნა ტრადიციულად უკავშირდება ქართული მეტალურგიის ფუძემდებლის გიორგი ნიკოლაძის სახელს, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველოში, პირველი სადნობი საცდელი ღუმელი აშენდა. მეტალურგის პროფესიულ დღეს მოქალაქეები და ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები ზესტაფონში, სწორედ გიორგი ნიკოლაძის სკვერში იკრიბებიან, ტრადიცია არც წელს დაირღვა. მოქალაქეებმა მონუმენტი ყვავილებით შეამკეს და ქვეყნის წინაშე გიორგი ნიკოლაძის ღვაწლზე ისაუბრეს. გარემოს დაცვის მიმართ თავისი წილი პასუხისმგებლობის გაზიარების მიზნით და უკეთესი ეკოსისტემის შექმნისთვის, გამწვანების აქცია მოეწყო, სადაც ზესტაფონის მასშტაბით 500 ძირი იფანი, ტუია და სხვა ხე მცენარეები დაირგო. მიმდინარე წელს, კომპანიის მიერ არაერთი გამწვანების აქციაა დაანონსებული, რომელიც ნერგების დარგვას და გახარებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები