დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთსა და უნგრეთს ეწვევა

ოფიციალური ვიზიტით დღეს რუმინეთს, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეწვევა. რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში, დავით უსუფაშვილი რუმინეთის სენატის სპიკერს კრინ ანტონესკუს, დეპუტატთა პალატის სპიკერს ვალერიუ ზგონეასს, ვიცე-პრემიერ გაბრიელ ოპრეას და საგარეო საქმეთა მინისტრს ტიტუს კორლეცანის შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, დავით უსუფაშვილი საჯარო დისკუსიაში – “ვილნიუსიდან-რიგამდე” მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია შეხვედრები სენატის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და საქართველო-რუმინეთის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან. ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატთა პალატის სპიკერთან ერთად, რუმინეთის ტელევიზიას მისცემს ინტერვიუს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას რუმინეთში დეპუტატები: ირაკლი ჩიქოვანი, პაატა ბარათაშვილი და გიორგი წერეთელი წარმოადგენენ. 12 თებერვალს, რუმინეთიდან დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უნგრეთში გაემგზავრება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის პრეზიდენტ იანოშ ადერსთან, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ჟოლტ ნემეტსთან, თავდაცვის მინისტრ ჩაბა ჰენდესთან, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერ ლასლო კოვერსთან და ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიჰაი ბალასთან.
დავით უსუფაშვილი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტსაც ეწვევა, სადაც ქართველ სტუდენტებს შეხვდება და საჯარო ლექციას წაიკითხავს. დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან. დავით უსუფაშვილთან ერთად უნგრეთს საქართველოს პარლამენტის წევრები: თედო ჯაფარიძე, ივანე კიღურაძე, დავით ონოფრიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კანდელაკი ეწვევიან. რუმინეთსა და უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით გათვალისწინებულ შეხვედრებზე საუბარი იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე და მისი გაღრმავების პესპექტივებზე როგორც საპარლამენტაშორისო დონეზე, ასევე პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში. განხილული იქნება ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალურ ვიზიტს უნგრეთში 14 თებერვალს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები