სოლომონ პავლიაშვილი სამუშაო ვიზიტით, ტრაპიზონში იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორ ირაკლი გულედანთან ერთად, სამუშაო ვიზიტით, ტრაპიზონში იმყოფებოდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს ტრაპიზონის გუბერნიის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის დირექტორატში, სამინისტროს წყლის პროდუქტების კვლევით ინსტიტუტში, ტრაპიზონის ბუნების დაცვისა და ეროვნული პარკების კალმახის წარმოების ობიექტზე, თევზის დამუშავების, დახარისხებისა და დაფასოების საწარმოსა და სამინისტროს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიმართა.

„ტრაპიზონში ქართული დელეგაციის ვიზიტის მიზანია, გავეცნოთ, თუ როგორ ვითარდება მეთევზეობა და როგორ მიმდინარეობს თევზის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. შეხვედრების ფარგლებში, მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია და ტრაპიზონის ინსტიტუტებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კი, საქართველოს საშუალებას მისცემს, მეტად განავითაროს მეთევზეობის მიმართულება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები გაეცნენ ტრაპიზონში აკვაკულტურის განვითარების მიმართულებებს, დაათვალიერეს მეთევზეობის ცენტრალური ინსტიტუტისა და სურსათის კონტროლის ლაბორატორიები.

გამართულ შეხვედრებზე, საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხს ტრაპიზონის სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგიონულ ლაბორატორიასა და წყლის პროდუქტების კვლევით ინსტიტუტთან.

ტრაპიზონში გამართულ შეხვედრებს თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს, სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურების, ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები