ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაში, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, სამართლის უზენაესობის პროგრამის, ევროპის საბჭოს და საერთო სასამართლოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ევროპის საბჭოს და სამართლის უზენაესობის პროგრამის (USAID) მხარდაჭერით გამართული შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამოძიების და საქმისწარმოები დროს არსებული გამოწვევები. ასევე, ყურადღება გამახვილდა გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე და ამ მხრივ პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრის ფარგლებში, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია.
მხარეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავების საჭიროებასა და მათი განხორციელების სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ. მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას.