ძეგვის თავშესაფარში გამწვანების აქცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ძეგვის თავშესაფარში გამწვანების აქცია გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა მიიღეს.

თავშესაფრის ეზოში სხვადასხვა სახეობის 60-მდე ნერგი დაირგო. თავშესაფრის ბენეფიციარებს –  მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს, მოხუცებულებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დარგვის და მოვლის წესები ცენტრის წარმომადგენლებმა გააცნეს.

პავლიაშვილის თქმით, მსგავსი ღონისძიებები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია თავშესაფრის ბენეფიციარების მონაწილეობა გამწვანების აქციაში და ტყის მოვლასა და აღდგენაში. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების დაცვასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ნიკ ბერესფორდის თქმით, მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება მისთვის სასიამოვნოა.

„სასიამოვნოა, რომ მაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღო აღნიშნულ ღონისძიებაში, რომელშიც ჩართულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და იმართება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და რომელიც ემსახურება საქართველოში გარემოს დაცვას და მდგრად განვითარებას“, – განაცხადა ნიკ ბერესფორდმა.

გამწვანების აქციაში მონაწილეობას იღებდნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი.

ღონისძიება ჩატარდა „მმართველობის რეფორმის ფონდის“ (GRF) ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს  გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვედეთის მხარდაჭერით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები