თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა
სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ კომიტეტის წევრებს თავდაცვის ძალების რაოდენობის დასამტკიცებლად მთავრობის განკარგულება გააცნო.
მისი განცხადებით, ყოველწლიურად, სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენასთან ერთად, მთავრობა საქართველოს პარლამენტს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების საკითხით მიმართავს და ისევე როგორც მიმდინარე წელს, 2023 წელსაც თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა შტატი არაუმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება. მინისტრის მოადგილემ, კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი გააცნო.
გრიგოლ გიორგაძის ინფორმაციით, კანონპროექტის მომზადება არსებული საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორებას უკავშირდება. საუბარია თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობის განსაზღვრას. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობით, სალიცენზიო და სანებართვო პირობების პირველ ჯერზე დარღვევისთვის, ლიცენზიის მფლობელისთვის განსაზღვრული არ არის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა. წარმოდგენილი კანონპროექტით კი აღნიშნული დარღვევისთვის 1000 ლარიანი ჯარიმა დაწესდება.
კომიტეტის წევრები „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ” კანონპროექტს და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტსაც გაეცნენ, რომელზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი გურგენიძემ ისაუბრა.