სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული ნორმების შეჩერების თაობაზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განიხილოს ის კონსტიტუციური სარჩელები, სადაც მოთხოვნილი აქვს სადავო ნორმების შეჩერება.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, შეუძლია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება.“
კონსტიტუციური მართლმსაჯულების სისტემის თავისებურებათა გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი მოსარჩელეს იცავს უფლების გარდაუვალი და შეუქცევადი დარღვევისგან და უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ადამიანის უფლებების ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობას.
საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ მისი მოქმედება გამოიწვევს მხარისთვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ გარდაუვალი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელთა გამოსწორება შეიძლება ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საქართველოს სახალხო დამცველი, როგორც საკონსტიტუციო სამართალწარმოების მხარე, ამ დროისთვის, მის სამ კონსტიტუციურ სარჩელში ითხოვს სადავო ნორმის შეჩერებას. ესენია, 1684, 1700 და 1724 ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები, რომლებიც, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირებული იქნა 2022 წლის 17 თებერვალს, 6 მაისს და 23 აგვისტოს.
ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნული სარჩელებიდან 2, უშუალოდ შეეხება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხოებას. კერძოდ, 1684-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი შეეხება გარკვეული კატეგორიის პირთათვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით თანასწორად სარგებლობის უფლების შეზღუდვას.
#1724 კონსტიტუციური სარჩელით კი, სადავოდაა გამხდარი 2022 წლის 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც ბათუმში შესაძლებელი გახდა მშენებლობების განხორციელება შენობა-ნაგებობის მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების, ევაკუაციის ნორმების დაუცველად. სახალხო დამცველის 1700-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელით სადავოდაა გამხდარი 2021 წლის დეკემბერში, დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები, რომლებითაც: ოთხჯერ გაიზარდა მოსამართლეთა სხვა სასამართლოში არა-ნებაყოფლობით მივლინების ვადები; ასევე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის პროცესში გაჩნდა მოსამართლეთა საქმიდან ჩამოცილების შესაძლებლობა, რაც შესაძლებლობას იძლევა რომ მოსამართლეს მყისიერად შეუწყდეს უფლებამოსილება. მხედველობაშია მისაღები, რომ ანალოგიური შინაარსის კონსტიტუციური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე მიმართეს მოქმედმა მოსამართლეებმაც.
თავის მხრივ, ამ სარჩელების საფუძვლიანობა გაიზიარა ვენეციის კომისიამაც. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განიხილოს ის კონსტიტუციური სარჩელები, რომლებშიც მოსარჩელე სადავო ნორმის შეჩერებას ითხოვს, ვინაიდან სადავო ნორმების მოქმედების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლებელია მივიღოთ ისეთი შედეგები, რომელთა გამოსწორებაც, ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაშიც ვეღარ მოხდება”, – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.