ლიანა ჭუმბურიძე – იაშვილის კლინიკაზე: გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, შესაბამისად, კლინიკის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს დაუყოვნებლივ ამ პრობლემების გამოსწორება
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ინფექციის კონტროლის სისტემის არსებობასთან დაკავშირებით შეამოწმა.
სააგენტოს დირექტორის, ლიანა ჭუმბურიძის განცხადებით, გამოვლენილი ხარვეზები გამოსწორებას საჭიროებს.
„გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, შესაბამისად, კლინიკის ადმინისტრაციამ, მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს დაუყოვნებლივ ამ პრობლემების გამოსწორება.
შესაბამისად, ამ ეტაპზე, დროებით შეჩერებულია სამედიცინო სერვისების მიწოდება, გარდა ამბულატორიული დიაგნოსტიკური ცენტრისა და ონკოჰემატოლოგიის მიმართულებისა. ასევე, ჩვენ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ იაშვილის კლინიკასთან, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ, რეფერირებაში შესაბამისი პროფილის კლინიკებში.
ჩვენი მიზანია, ყველა მოქალაქემ მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის რეფორმა, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ 2025 წელს და ყველა კლინიკისთვის სავალდებულო იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია, რათა თითოეულმა მოქალაქემ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების მომსახურება მიიღოს“, – განაცხადა სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს დირექტორმა, ლიანა ჭუმბურიძემ.