ირაკლი ზარქუა: ყველა ტრაგედიაზე ჰგონიათ, რომ ქულების დაწერის შესაძლებლობა მიეცემათ
“არა, არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა”, – ასე პასუხობს “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა ჟურნალისტების კითხვას – ვაკის პარკში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით თბილისის მერმა, კახა კალაძემ უნდა აიღოს თუ არა პასუხისმგებლობა და უნდა გადადგეს თუ არა თანამდებობიდან.
ზარქუას თქმით, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და კონკრეტული ფაქტების შემდეგ შესაბამისი კომენტარები გაკეთდება.
“არის კონკრეტული საგამოძიებო ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს. დაველოდებით, გამოიკვეთება კონკრეტულად ბრალდებები, კონკრეტულ ფაქტზე. ამის შესაბამისად კომენტარი და შესაბამისი მოთხოვნები იყოს, წინასწარ რომ აკეთებენ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათი ამოცანაა, შოუ დადგან. ყველა ტრაგედიაზე ჰგონიათ, რომ ქულების დაწერის შესაძლებლობა მიეცემათ”, – განაცხადა ზარქუამ.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. სამივე დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა. ორი არასრულწლოვანი კლინიკებიდან უკვე გაწერეს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.