ოკუპანტებმა კიევში მაღალსართულიანი შენობა დაბომბეს, საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ

რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას კიევის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს.

ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ დაწერა.

მისი თქმით, ქალაქს ირანული კამიკაძე-დრონებით უტევენ.

“დარჩით თავშესაფრებში. განგაში გრძელდება”, – მოუწოდებს ის მოსახლეობას.

კიევში ხრეშჩატიკსა და ცირკს შორის მონაკვეთზე მოძრაობა გადაკეტილია.

მედიის ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.

კიევის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე.

მანამდე, ქალაქის იერიშის შესახებ სოციალურ ქსელში მერმა, ვიტალი კლიჩკომ დაწერა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ დედაქალაქს თავს კამიკაძე-დრონებით დაესხნენ.

”რუსები ფიქრობენ, რომ ეს მათ დაეხმარება, მაგრამ ასეთი ქმედებები აგონიას ჰგავს. ჩვენ გვჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რაც შეიძლება მალე. ჩვენ არ გვაქვს დრო ნელი მოქმედებებისთვის. მეტი იარაღი ცის დასაცავად და მტრის გასანადგურებლად. ასეც იქნება“, – დაწერა ერმაკმა.

10 და 11 ოქტომბერს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა უკრაინაზე მასიური იერიში მიიტანეს.

10 ოქტომბერს დაიბომბა კიევიც, რასაც ექვსი ადამიანი შეეწირა. ქალაქში ასევე ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებია და მოქმედებს გრაფიკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები