“საჰაერო განგაშია, დარჩით თავშესაფრებში” – კიევის ცენტრი ისევ დაიბომბა

კიევში გამთენიისას ისევ აფეთქებები მოხდა.

როგორც დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, აფეთქება ქალაქის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში მოხდა.

“ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მიემართება. დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით. საჰაერო განგაში გრძელდება. დარჩით თავშესაფრებში”, – დაწერა კლიჩკომ “ტელეგრამში”.

მოგვიანებით, მან კიდევ ერთი აფეთქების შესახებ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ დედაქალაქს თავს კამიკაძე-დრონებით დაესხნენ.

”რუსები ფიქრობენ, რომ ეს მათ დაეხმარება, მაგრამ ასეთი ქმედებები აგონიას ჰგავს. ჩვენ გვჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, და რაც შეიძლება მალე. ჩვენ არ გვაქვს დრო ნელი მოქმედებებისთვის. მეტი იარაღი ცის დასაცავად და მტრის გასანადგურებლად. ასეც იქნება“ – დაწერა ერმაკმა.

10 და 11 ოქტომბერს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა უკრაინაზე მასიური იერიში მიიტანეს.

10 ოქტომბერს დაიბომბა კიევიც, რასაც ექვსი ადამიანი შეეწირა. ქალაქში ასევე ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებია და მოქმედებს გრაფიკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები