რუსეთმა ნორვეგიის საზღვართან, ოლენიას ავიაბაზაზე სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა, რომლებსაც ატომური ქობინების ტარება შეუძლიათ.
ამის შესახებ გამოცემა Faktisk-ი კომპანია Planet Labs-ის თანამგზავრულ სურათებზე დაყრდნობით იუწყება.
7 ოქტომბრით დათარიღებულ სურათზე ნაჩვენებია შვიდი Tu-160 და ოთხი Tu-95 ბომბდამშენი. ორი დღის შემდეგ, სატელიტმა ასაფრენ ბილიკზე კიდევ ერთი Tu-160 დააფიქსირა.
ნორვეგიის საზღვარზე ბომბდამშენების გადასროლის შესახებ 30 სექტემბერს The Jerusalem Post-ი წერდა. მაშინ ოლენიაზე ოთხი ტუ-160 და სამი ტუ-95 იყო.
Faktisk-ი წერს, რომ აღნიშნული სტრატეგიული ბომბდამშენები, ჩვეულებრივ, ენგელსის საჰაერო ბაზაზეა განლაგებული, რომელიც მოსკოვიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 720 კილომეტრში მდებარეობს.
სამხედრო ექსპერტების აზრით, ეს მანევრები შესაძლოა, უკავშირდებოდეს ტრადიციულ შემოდგომის წვრთნებს „ჭექა-ქუხილს“(Гром). ამავდროულად, ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ბომბდამშენების გადასროლა შესაძლოა, ვლადიმერ პუტინის ბირთვული მუქარის ნაწილი იყოს.
ნორვეგიელი სამხედრო ექსპერტი, ლარს პედერ ჰაგა იხსენებს, რომ უკანასკნელად რუსეთის ფედერაციამ Thunder-ის ბირთვული წვრთნები 2022 წლის თებერვალში ჩაატარა – უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე ერთი კვირით ადრე.
„ისინი აშკარად იყო გაფრთხილება დასავლეთისთვის, რომ არ ჩაერიონ“, – თქვა მან.

