პატრიარქი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული მოზარდის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული მოზარდის მშობლებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

„მარიამ (მარიტა) მეფარიშვილის მშობლებსა და ახლობლებს – ბატონო დავით, ქალბატონო ანა, დიდია ჩვენი გულისტკივილი დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო.

აღვავლენთ ლოცვებს პატარა მარიტა-მარიამის უკვდავი, ნათელი სულისათვის, რათა უფალმან თვის საუფლოში, – სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგმადლოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და ურყევი რწმენა იმისა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს; მთავარია, ჩვენ შევძლოთ ღვთის გზით სვლა. ვლოცულობთ მარიტა-მარიამისთვის. ღმერთი იყოს თქვენი შემწე“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები