მიხეილ სარჯველაძე: პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ შეიძლება დგებოდეს ბრალის გარეშე – გამოიკვეთება, რომ ვინმემ თვალი დახუჭა? მე ვიქნები პირველი, ვინც მოითხოვს პასუხისმგებლობას
არავისზე ჯოხის გადატეხა არ უნდა მოხდეს. უკლებლივ ყველა, ვინც რაღაც დაარღვია, ვისაც რაღაც ევალებოდა და არ გააკეთა, ყველა, არ შეასრულა მოვალეობა, დაარღვია ვალდებულება, რასაკვირველია, პასუხისმგებელია ყველა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა, მათ შორის პოლიტიკური, არ შეიძლება დგებოდეს ბრალის გარეშე.
„მოხდა ძალიან მძიმე ტრაგედია, რომელიც არ შეიძლება, რომ ვეცადოთ, ჩვენ ჩვენი მერკანტილური მიზნებისთვის გამოვიყენოთ, ეს ერთი მოცემულობაა, აქ უნდა დავსვათ წერტილი.
მეორე, რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს: არავისზე ჯოხის გადატეხა არ უნდა მოხდეს. ყველა, ვინც პასუხისმგებელია, უკლებლივ ყველა, ვინც რაღაც დაარღვია, ვისაც რაღაც ევალებოდა და არ გააკეთა, ყველა, ვისაც ევალებოდა რაღაცის გაკეთება ასეთი შემთხვევის პრევენციისთვის, არ შეასრულა მოვალეობა, დაარღვია ვალდებულება, რასაკვირველია, პასუხისმგებელია ყველა. უბრალოდ, მათ შორის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეც რომ მიდგება საქმე, სამართლებრივი ანალიზი სჭირდება ყველაფერს. არ შეიძლება, ბრალის გარეშე პასუხისმგებლობა გავამართლოთ, არ შეიძლება გვავიწყდებოდეს ასეთი ტრივიალური რაღაცები. პასუხისმგებლობა არ შეიძლება დგებოდეს ბრალის გარეშე, ამიტომ ბრალი ვისაც მიუძღვის, დიახ, ის უნდა დაისაჯოს, დაისაჯოს მკაცრად.
გეგულებათ სადმე ისეთი სახელმწიფო, სადაც ხდება ტრაგედიები ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით, ზოგიერთ შემთხვევაში ვიღაცის ბრალით, ზოგჯერ ტერორისტული აქტი და ამის გულისთვის, იმავე დღეს ვინმე გამოვიდეს და მოითხოვოს პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება ისე, რომ კაციშვილმა არ იცის მოცემულ შემთხვევაში რა მოხდა. გამოიკვეთება, რომ ვინმემ იცოდა და ამაზე თვალი დახუჭა? მე ვიქნები პირველი, ვინც მოითხოვს პასუხისმგებლობას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს კი დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.