გია ვოლსკი: პოლიტიკური გაერთიანება, მიტინგის ჩატარება, როგორღაც მობილიზება, დესტაბილიზაცია – ეს არის თემები, რომელიც მუდმივად ახასიათებს პოლიტიკური სპექტრის ერთ ჯგუფს
პოლიტიკური გაერთიანება, მიტინგის ჩატარება, როგორღაც მობილიზება, დესტაბილიზაცია – ეს არის თემები, რომელიც მუდმივად ახასიათებს პოლიტიკური სპექტრის ერთ ჯგუფს. რას შევადარო არც კი ვიცი, თითქოს სვავს, რომელიც მოწყურებულია, რომ იქნებ სადმე სისხლი დაიღვაროს, რომ ამ სისხლზე რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ფიქრობს, რა თემები წამოსწიონ წინ და როგორ შეულახონ საქართველოს სახელი, რომ როგორმე იქნებ როგორმე უარი უთხრან საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობაზე.
„ჩვენ გარშემო ომია, ამდენი ბავშვი, ახალგაზრდა, ქალი, კაცი, ამდენი ადამიანი დაიღუპა, ასეთი ვითარებაა მთლიანად რეგიონში, მთლიანად მსოფლიოში და ვიღაცას შეუძლია, რომ მიუხედავად ამისა, იქნებ რაღაც პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს ამ ტრაგედიიდანაც და საერთოდ იმ ვითარებიდანაც, რომელიც მსოფლიოშია შექმნილი. სამწუხაროა, თორემ შეიძლება განვიხილოთ ახლა აქ, რომ ელექტრონული საარჩევნო სისტემა შემოდის და ამას არ ელოდნენ, ეს იქცა ტრაგედიად. ახლა შესეულია ყველა, სხედან და იმაზე ფიქრობენ, რა თემები წამოსწიონ წინ და როგორ შეულახონ საქართველოს სახელი, რომ იქნებ როგორმე უარი გვითხრან ევროკავშირის კანდიდატობაზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.