ნატო უკრაინას დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობას მიაწვდის, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ნატოს მოკავშირეები უკრაინას მოწინავე სისტემებს აწვდიან, მათ შორის საარტილერიო, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ჯავშანტექნიკას.
„მადლობას ვუხდი ყველა მოკავშირეს მათი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და მოვუწოდებ მათ, გააგრძელონ ეს პროცესი. ჩვენ ასევე ვაწვდით უკრაინას საწვავს, ზამთრის ტანსაცმელსა და სამედიცინო აღჭურვილობას ნატოს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის ფარგლებში.
აღნიშნული პაკეტის ფარგლებში, ნატო უკრაინას უმოკლეს დროში მიაწვდის დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობას, რაც ხელს შეუწყობს რუსული და ირანული წარმოების დრონების მწყობრიდან გამოყვანასა და უკრაინელი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსი გრძელვადიან პერსპექტივაში „უკრაინას საბჭოთა პერიოდიდან ნატოს თანამედროვე აღჭურვილობაზე გადასვლაში დაეხმარება“.