“გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება მისთვის გაუგებარია. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მოადგილის, მიხეილ პოდოლიაკის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
რაქვიაშვილის თქმით, წარმოდგენილ ბრალდებებს შესაბამისი მტკიცებულებები სჭირდება.
„დიდი ხანია, ჩემთვის გაუგებარია უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება, რადგან მოვისმინეთ ძალიან ბევრი ბრალდება, რომელიც თუ მართალია, მტკიცებულებებს ითხოვს და გასაგები უნდა იყოს. ეს განცხადებები უფრო იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც ფარული ღონისძიებებია, რაც ამ კონფლიქტს ქმნის და ძალიან ვწუხვარ, რომ ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ასეთი დაძაბულობაა. იმედია, სულ მცირე გავერკვევით და საჯარო გახდება მიზეზები, რა ხდება და რაშია საქმე. ან ჩვენი მთავრობა გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ ეს პრობლემა მოიხსნას“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.