საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ, რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის, შესაძლო გამოყენების შემთხვევაში, პასუხი ატომური არ იქნება, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით იქნება ძალიან ძლიერი.
ამის შესახებ მან ბრიუგეში გამოსვლისას განაცხადა.
“ატომური საფრთხე არსებობს და პუტინი ამბობს, რომ ის არ ცრუობს. კარგი, მას არ შეუძლია სიცრუის დაშვება. გასაგები უნდა იყოს ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, ევროკავშირს, წევრ ქვეყნებს, აშშ-ს, ნატოს, ასევე არ ცრუობენ. უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა პასუხს გამოიწვევს, არა ბირთვულ პასუხს, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ძალიან ძლიერს“, – განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, „ეს არის სერიოზული მომენტი ისტორიაში და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა, ძალა და სრული სიმტკიცე“.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა France-24-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე საპასუხოდ, საფრანგეთი ატომურ იარაღს არ გამოიყენებს.