რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, საფრანგეთი ატომურ იარაღს საპასუხოდ არ გამოიყენებს
საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, თუ ის უკრაინაზე ატომურ დარტყმას განახორციელებს.
ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა France 2-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენი დოქტრინა ერის ფუნდამენტურ ინტერესებს ეფუძნება და ისინი ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ-სარაკეტო დარტყმა იქნებოდა მიყენებული, ეს ინტერესები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგებოდა”, – განაცხადა მაკრონმა.
ჟურნალისტის დაზუსტებაზე, “ეს არ გამოიწვევს საფრანგეთის ბირთვულ პასუხს”? მაკრონმა დადებითად უპასუხა: „ეს ცხადია“.
“ფრანგებს ყოველთვის სიმართლეს ვეუბნებოდი… რუსეთს აქვს ატომური იარაღი, ისევე, როგორც საფრანგეთს. ჩვენი დოქტრინა ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია. მუშაობს შეკავება. რაც უფრო ნაკლებად ვსაუბრობთ ამაზე, მით უფრო ნაკლებად ვზრდით საფრთხეს და უფრო მეტად იზრდება ჩვენდამი ნდობა. ზედმეტად ბევრი ადამიანი საუბრობს ამაზე“, – თქვა მაკრონმა.
საფრანგეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა უახლოეს კვირებში საფრანგეთის სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პარტიას მიიღებს.