დენის შმიგალი უკრაინის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მძიმე ზამთრისთვის მოემზადონ

უკრაინელები რთული ზამთრისთვის უნდა მოემზადონ და არაერთი საჭირო ნივთი შეიძინონ, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ნუ გავალამაზებთ რეალობას. ეს ზამთარი რთული იქნება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, საფუძვლიანად მოემზადონ ზამთრისთვის. სასურველია, ყველა ოჯახს ჰქონდეს საჭირო ძირითადი ნივთების მარაგი: თბილი ტანსაცმელი, სანთლები, სანათები. მნიშვნელოვანია ამის მომზადება იმ შემთხვევაში, თუ სინათლე ან სითბო გაქრება მასიური სარაკეტო შეტევების შედეგად“, – განაცხადა დენის შმიგალმა.

მისი თქმით, ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააგროვა საკმარისი რაოდენობის ენერგორესურსები, მოამზადა ქსელები, შეიძინა დამატებითი აღჭურვილობა და შეაკეთა დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

„ახლა ქვეყნის 90%-ზე მეტი მზად არის გათბობის სეზონისთვის. ასევე მომზადდა მოსახლეობისთვის სპეციალური გათბობის პუნქტები და შემუშავდა ევაკუაციის გეგმები იმ შემთხვევაში, თუ კრიტიკული ინფრასტრუქტურა სწრაფად ვერ აღდგება“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, მიუხედავად საკმარისი რაოდენობის ენერგორესურსებისა, ამ შემოდგომისა და ზამთრის გადასატანად, მაქსიმალურად დაზოგონ ისინი.

„დღეს კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველა უკრაინელს, შემცირდეს ელექტროენერგიის მოხმარება საღამოს საათებში. ეს არ ნიშნავს სიბნელეში ჯდომას. საჭიროა მხოლოდ ყველაზე ენერგო ინტენსიური მოწყობილობების გამოყენების შემცირება. მინიმუმამდე დაიყვანეთ ელექტრო ღუმელების, ელექტრო ქვაბების, ელექტრო ხელსაწყოების, გამათბობლების და კონდიციონერების, ღუმელების და უთოების, მიკროტალღური ღუმელების, ყავის მწარმოებლების, სარეცხი მანქანების და ჭურჭლის სარეცხი მანქანების გამოყენება“, – განაცხადა შმიგალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები