“ნატო უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემაზე გაამახვილებს ყურადღებას” – იენს სტოლტენბერგი
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის თავდაცვის მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე, ასევე, “რამშტაინის” ფორმატში ყურადღება გამახვილდება უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადაცემის საკითხზე.
ამის შესახებ მან ბრიუსელში მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
„დღეს ჩვენ შევხვდებით უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს. ნატო-ს მოკავშირეების გზავნილი იქნება ის, რომ ჩვენ ურყევი ვართ უკრაინისადმი ჩვენს მხარდაჭერაში, რომ მზად ვართ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის და რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინელებს მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება”, – თქვა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, რეზნიკოვთან შეხვედრა ასევე “რამშტაინის” ფორმატში გაიმართება და შეხვედრებზე უკრაინის მხარდაჭერის გაზრდის გზები განიხილება.
”მთავარი პრიორიტეტი იქნება უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება”, – თქვა სტოლტენბერგმა.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო კვირებში, 24 თებერვლის შემდეგ ომის ყველაზე სერიოზული ესკალაციაა.
“რუსეთი ახორციელებს ათიათასობით ჯარისკაცის მობილიზებას. ისინი ცდილობენ უკრაინის ახალი ტერიტორიების უკანონო ანექსიას და ჩვენ ვნახეთ განურჩეველი დარტყმები უკრაინის ქალაქებზე, ასევე, მოვისმინეთ მოსკოვიდან შენიღბული ბირთვული საფრთხეები”, – თქვა სტოლტენბერგმა.