რუსეთის პრეზიდენტის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების მუქარის ფონზე, ნატო მომავალ კვირას მორიგ, ყოველწლიურ ბირთვული შეკავების წვრთნებს გამართავს.
ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
„ეს არის რუტინული წვრთნები, რომლებიც ყოველწლიურად ტარდება იმისათვის, რომ ჩვენი შეკავება იყოს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტური. პრეზიდენტ პუტინის ფარული ბირთვული მუქარა საშიში და უპასუხისმგებლოა. რუსეთმა იცის, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არ უნდა დაიწყოს”, – თქვა მან.
Steadfast Noon წვრთნებში ნატო-ს 14 ქვეყანა ჩაერთვება, ასევე, გამოიყენება თვითმფრინავები, რომლებსაც ბირთვული ქობინის ტარება შეუძლიათ. წვრთნებში ასევე რეგულარულად მონაწილეობენ ჩვეულებრივი თვითმფრინავები, სათვალთვალო და საწვავის შემავსებელი თვითმფრინავები
წვრთნების დეკლარირებული მიზანია – ალიანსის შესაბამისი პერსონალისა და აღჭურვილობის მომზადება ყველაზე უარესი სცენარისთვის, ხოლო არსებულ პირობებში – ალიანსის წევრების „უსაფრთხოების განცდით“ უზრუნველყოფა.
“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის ბირთვულ ძალებს. ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ცვლილებას რუსეთის ბირთვულ ძალებში, მაგრამ ჩვენ ვინარჩუნებთ სიფხიზლეს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.