ჩეხეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას აძლიერებს

ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო ამზადებს ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას გაცილებით ეფექტურად დაიცავს.

ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა, იანა ჩერნოხოვამ განაცხადა, – იტყობინება Czech Radio.

ამისათვის სამხედრო პოლიციისა და დაზვერვის სამსახურების უფლებამოსილების გაფართოება იგეგმება.

მინისტრმა თქვა, რომ თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით „ჩეხეთში რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტიკული ინფრასტრუქტურის მონიტორინგის მცდელობები გახშირდა“, რასთან დაკავშირებითაც სახელმწიფომ მათ დასაცავად ზომები გააფართოვა.

როგორც ჩეხეთის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა მიხაილ კოუდელკამ თქვა, რუსული რაკეტებით უკრაინის ქალაქების მასიური დაბომბვის შემდეგ, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩეხეთში დივერსიული ოპერაციების ჩატარების საშიშროება არსებობს.

მისი აზრით, ქვეყანას უნდა შეეძლოს მათთვის წინააღმდეგობის გაწევა.

კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის აზრით, მტრული ქმედებების თვალსაჩინო მაგალითია ჩეხეთის სოფელ ვრბეტიცეში საბრძოლო მასალის საწყობების აფეთქება.

“რუსეთისთვის ჩვენ ვართ მტერი და რუსეთს სურს, გაანადგუროს არაკეთილმოსურნეები, ანუ ჩვენ, ნატო და დასავლეთის თანამეგობრობა”, – თქვა მან.

ამავდროულად, BIS-ის დირექტორი მიიჩნევს, რომ, პრაღაში რუსი დიპლომატების რაოდენობის რადიკალური შემცირების შემდეგ, ჩეხეთში დივერსიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობები სერიოზულად არის შეზღუდული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები