“ორდღიანი დაბომბვების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, დაახლოებით, 30% დაზიანდა” – უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი
რუსი ოკუპანტების მიერ 10-11 ოქტომბერს უკრაინის ქალაქების მასიური დაბომბვების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის თითქმის 30%-ია დაზიანებული.
ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, ჰერმან გალუშჩენკომ CNN-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.
გალუშჩენკოს თქმით, ეს იყო “ომის დაწყებიდან პირველი შემთხვევა”, როდესაც რუსეთი “სერიოზულად ამახვილებდა ყურადღებას” ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
მისი შეფასებით, ამის “ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ევროპაში უკრაინის ელექტროენერგიის ექსპორტი ეხმარება ქვეყნებს – დაზოგონ რუსულ გაზსა და ნახშირზე გადახდილი თანხები“.
მან ასევე დაამატა, რომ უკრაინა ცდილობს, „სწრაფად აღადგინოს კავშირი სხვა წყაროებთან“.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა თქვა, რომ უკრაინის ენერგოსისტემა „ჯერ კიდევ სტაბილურია“, მაგრამ მოუწოდა პარტნიორებს, უზრუნველყონ „საჰაერო თავდაცვის სისტემებით, რომლებიც ნამდვილად დაგვეხმარება ჩვენი ინფრასტრუქტურის დაცვაში“.
ოკუპანტების ორდღიანი იერიში მთავარი სამიზნე დასახლებული ადგილების გარდა ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო, რის გამოც 10 ოქტომბერს ქვეყნის რეგიონებში წყლის და ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით სერიოზული შეფერხებები იყო.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ოქტომბერს სთხოვა უკრაინელებს 17:00-დან 22:00 საათამდე, არ გადატვირთონ ენერგოსისტემა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოხმარება სხვა საათებზე გადაანაწილონ.
11 ოქტომბრიდან კიევში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკია დაწესებული, გრაფიკია დაანონსებული ასევე ხმელნიცკის რაიონშიც.
11 ოქტომბერს რუსული დარტყმები ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე გაგრძელდა. ოკუპანტების სამიზნე ლვოვის რეგიონის ენერგეტიკული ობიექტები იყო. ამჟამად, ლვოვის, დაახლოებით, 30% ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, არის შეფერხებები წყალმომარაგებასთან დაკავშირებით სიხივისა და ფრანკივის რაიონებში.