ოკუპანტებმა ნიკოპოლს 100-ზე მეტი ჭურვი ესროლეს, არიან დაჭრილები, მათ შორის – მცირეწლოვანი გოგონა (ფოტო)
რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ნიკოპოლი დაბომბეს. როგორც დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ Telegram-ში დაწერა, მტერმა “გრად”-იდან და სხვა მძიმე არტილერიიდან 100-ზე მეტი ჭურვი გაუშვა.
„მშვიდობიან ნიკოპოლს ასზე მეტი ჭურვი ესროლეს. ერთ-ერთი მათგანი პირდაპირ კერძო სახლში ჩამოვარდა. დაჭრილია 6 წლის გოგონა და მისი დედა. ისინი და თავდასხმის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ქალი, ახლა საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან”, – დაწერა მან.
რეზნიჩენკომ დასძინა, რომ, ნიკოპოლში ოკუპანტების თავდასხმების შედეგად, 30-ზე მეტი მაღალსართულიანი შენობა და კერძო სახლი დაზიანდა, ასევე, დაზიანებულია გაზსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები.
მწყობრიდან გამოვიდა ასევე ორი საწარმო, ორი საბავშვო ბაღი, სკოლა, მაღაზიები და საქველმოქმედო ორგანიზაციის ოფისი.
მარგანეცკაიასა და მიროვსკოეს თემებში მსხვერპლი არ ყოფილა, დაზიანების მასშტაბები ზუსტდება.