“არ ვფიქრობ, რომ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს” – ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ეჭვი ეპარება, რომ კრემლის ხელმძღვანელი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“არ მგონია, რომ ის ამას გააკეთებს. მისი მხრიდან ამაზე საუბარი უპასუხისმგებლობად მიმაჩნია, იმაზე – რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული ძალის მქონე მსოფლიო ლიდერი ამბობს, რომ მას შეუძლია ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში”, – თქვა ბაიდენმა.
თეთრი სახლის ლიდერი ამბობს, რომ პუტინის მუქარებსაც კი აქვს დესტაბილიზაციის ეფექტი და ისაუბრა პოტენციურ შეცდომებზე, რომლებიც ამას შეიძლება, ახლდეს.
„მინდოდა, მეთქვა მხოლოდ ის, რომ ამან შეიძლება, გამოიწვიოს საშინელი შედეგი. და არა იმიტომ, რომ ვინმე აპირებს მისი გადაქცევა მსოფლიო ომში ან რამე მსგავსში, არამედ, უბრალოდ, მას შემდეგ, რაც გამოიყენებ ბირთვულ იარაღს, შეცდომებს, რომლებიც შეიძლება დაშვებული იყოს, არასწორი გათვლებით. ვინ იცის, რა შეიძლება, მოხდეს“, – დასძინა მან.
“პუტინი, ფაქტობრივად, ვერ გააგრძელებს – დაუსჯელად ილაპარაკოს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, თითქოს, ეს რაციონალური იყოს. შეცდომები ხდება და შესაძლოა, არასწორი გათვლა მოხდეს, ვერავინ იქნება დარწმუნებული, თუ რა მოხდება და შეიძლება, დასრულდეს არმაგედონით“, – განმარტა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენმა უარი თქვა, ესაუბრა შეერთებული შტატების სავარაუდო პასუხზე, მაგრამ თქვა, რომ პენტაგონს აქვს საგანგებო გეგმა.
“დეტალებში არ შევალ. ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლო იქნება საუბარი იმაზე, თუ რას გავაკეთებთ ან არ გავაკეთებთ”, – თქვა ბაიდენმა.