ანჯეი დუდა: თუ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტს სურს რუსეთს ტერიტორიული „შენაძენები“ შეუნარჩუნოს, მაშინ თავისი ქვეყნის ნაწილი დათმოს და უკრაინის ტერიტორიით ნუ ივაჭრებს

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არაერთი სამხედრო დანაშაულის შემდეგ, მსოფლიოში არავინ შეეცდება რუსეთის სახის შენარჩუნებას.

აღნიშნულის შესახებ მან ბრატისლავაში, ვიშეგრადის ჯგუფის ლიდერების პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იმედი მაქვს, მსოფლიოში არავინ გამოვა ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა „რუსეთმა უნდა შეინარჩუნოს სახე ამ კონფლიქტში“, ანუ, რომ რაიმე ტერიტორიული მიღწევები უნდა ჰქონდეს. თუ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტს სურს რუსეთს ტერიტორიული „შენაძენები“ შეუნარჩუნოს, მაშინ თავისი ქვეყნის ნაწილი დათმოს და უკრაინის ტერიტორიით ნუ ივაჭრებს“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, ანჯეი დუდამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა აგრესორის თავდასხმებისგან იცავს თავს, აქვს უფლება საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას და დამოუკიდებლად განსაზღვროს, როდის დადგება მშვიდობა.

„პოლონეთის თვალსაზრისით, და ასევე, მგონი, საერთაშორისო საზოგადოების უმრავლესობის თვალსაზრისით, სამშვიდობო შეთანხმება შედგება მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინის მსოფლიოში აღიარებულ ტერიტორიას დატოვებს, ანუ როდესაც უკრაინა სრულ კონტროლს აღადგენს თავის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე. ეს უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის დაცვის საფუძველია“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები