ვოლოდიმირ ზელენსკი იუნესკოს მოუწოდებს, რომ უკრაინის საპორტო ქალაქი ოდესა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანოს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO) მოუწოდებს, რომ უკრაინის საპორტო ქალაქი ოდესა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში დაამატოს.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე სულ 540 კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი, კულტურული დაწესებულება და რელიგიური ნაგებობა დაზიანდა.
„ჩვენ უნდა მივცეთ მკაფიო სიგნალი, რომ მსოფლიო ჩვენი საერთო ისტორიის, საერთო კულტურის, მემკვიდრეობის განადგურებაზე თვალს არ დახუჭავს. ამისთვის ერთ-ერთი ნაბიჯი ოდესის ისტორიული ცენტრის შენარჩუნება უნდა იყოს – ლამაზი ქალაქი, შავი ზღვის მნიშვნელოვანი პორტი და კულტურის წყარო სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ადამიანისთვის. მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესატანად პარტნიორებთან ერთად ოდესის ნომინაციის ფაილი მოვამზადეთ და მას იუნესკოს გადავცემთ.
ოდესა, ისევე როგორც უკრაინის ყველა სხვა ქალაქი, რუსული იერიშის სამიზნეა. გთხოვთ მხარი დაუჭირეთ ოდესას. იუნესკოს დონეზე აჩვენეთ, რომ რუსული ტერორი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ იუნესკოს 58 წევრი სახელმწიფოსადმი ვიდეომიმართვაში.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა იუნესკოს ყველა ორგანოდან და თავად ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვა მოითხოვა.