ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომში უკრაინის დამარცხება ნატო-ს დამარცხებასაც ნიშნავს.
ამის შესახებ მან ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
„ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ მოიგოს ბრძოლა, ომი რუსეთის ჯარების წინააღმდეგ, რომლებიც მის ქვეყანაში შეიჭრნენ, რადგან თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს იქნება არა მხოლოდ დიდი მარცხი უკრაინისთვის, არამედ – ყველა ჩვენგანისთვის და იქნება საშიში, რადგან სამყაროს უფრო სახიფათოს გახდის, ჩვენ კი – დაუცველს რუსეთის შემდგომი აგრესიისგან“, – განაცხადა მან.
სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო არ არის კონფლიქტის მხარე, „მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა საკვანძო როლს თამაშობს“, ამიტომ, ალიანსისთვის მნიშვნელოვანია იარაღის მარაგების დროულად შევსება.
„ველოდებით, რომ მინისტრები ხვალინდელ და ზეგინდელ შეხვედრაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გამოიყენონ ნატო-ს თავდაცვის დაგეგმვის პროცესი, რათა შეთანხმდნენ უფრო ამბიციურ მიზნებზე სხვადასხვა მომარაგების მიზნებისთვის“, – თქვა მან.