პუტინმა სასურსათო ემბარგო 2023 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყირიმის უკანონო ანექსიისთვის 2014 წელს რუსეთის მიმართ საერთაშორისო სანქციების საპასუხოდ დაწესებული საკვების ემბარგო 2023 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა.
პუტინის შესაბამისი განკარგულება იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.
„გახანგრძლივდეს 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2014 წლის 6 აგვისტოს ბრძანებულებით გათვალისწინებული სპეციალური ეკონომიკური ზომები“, – ნათქვამია დოკუმენტში.
2014 წლიდან რუსეთმა „გარკვეული სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ნედლეულისა და სურსათის იმპორტი აკრძალა, რომლის წარმოშობის ქვეყანაა სახელმწიფო, რომელმაც რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკონომიკური სანქციები დაუწესა”.
ემბარგო სამ ეტაპად დაწესდა: 2014 წლიდან – ევროკავშირის ქვეყნების, აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის და ნორვეგიის მიმართ; 2015 წლიდან – ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ალბანეთის და მონტენეგროს მიმართებით; 2016 წლიდან – უკრაინის მიმართ.