ბელარუსმა ევროკავშირის ელჩს ვიზის გაგრძელებაზე უარი უთხრა

ბელარუსმა ევროკავშირის ელჩის, დირკ შუბელის აკრედიტაციის განახლებაზე უარი თქვა.

ამის შესახებ დიპლომატმა Facebook-ის გვერდზე დაწერა.

“თანამდებობაზე სამწლიანი ყოფნის შემდეგ, ჩემი მანდატი, როგორც ევროკავშირის ელჩი ბელარუსიაში, სრულდება. ბელარუსის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არ განაახლოს ჩემი ვიზა და აკრედიტაცია მომავალი წლისთვის, რაც ძალიან ართულებს ჩემი მანდატის შესრულებას. ძალიან ვწუხვარ ამ გადაწყვეტილების გამო, რადგან მზად ვიყავი გამეგრძელებინა მუშაობა ბელარუსთან, როგორც ელჩი და იმედიც კი მქონდა, რომ შემეძლო მინსკში დავბრუნებულიყავი ჩემი თანამდებობის ბოლო წლის განმავლობაში“, – ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

შუბელი მისიას 2019 წლიდან ხელმძღვანელობს და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, „ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევებს“ აკრიტიკებს, რომელიც გაყალბებული იყო, რასაც „ახლდა უდანაშაულო ადამიანების მიმართ მუდმივი ძალადობა“.

მისი თქმით, ამჟამად, ბელარუსში 1340-ზე მეტი პოლიტპატიმარია, რომელთა დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას ევროკავშირი მოითხოვს.

2021 წლის ივლისში შუბელმა ბელარუსი დატოვა, მანამდე კი, ამისკენ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები