ყირიმში ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების ოჯახის წევრების ევაკუაციისთვის ემზადებიან – უკრაინის გენშტაბი
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის “ხელისუფლება” ნახევარკუნძულიდან ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების ოჯახის ევაკუაციისთვის ემზადება.
ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის დღევანდელ ანგარიშშია ნათქვამი.
„ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სიტუაციის „გართულების“ შემთხვევაში, საოკუპაციო ხელისუფლება გეგმავს სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელობის ოჯახების ევაკუაციას, რომლებიც მითითებულ ტერიტორიაზე მსახურობენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, გენერალური შტაბის ინფორმაციით, ხერსონის უნივერსიტეტების მასწავლებლებს, რომლებიც საოკუპაციო „ხელისუფლებასთან“ თანამშრომლობენ, ოკუპანტები ყირიმში გადასვლას ურჩევენ.
9 ოქტომბერს გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონისა და ლუგანსკის რაიონებში საოკუპაციო „ხელისუფლების“ წარმომადგენლებს ოჯახები გაჰყავთ.