ენტონი ბლინკენი: ამ ომში ერთი აგრესორია – რუსეთი, ერთი ადამიანია, რომელსაც ომის შეჩერება და რუსული ძალების გაყვანა შეუძლია – ვლადიმერ პუტინი
ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს, რომლებმაც დღეს საყვარელი ადამიანები დაკარგეს. შეერთებული შტატები თქვენთან დგას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის თავდასხმები კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მისი ომი ღრმა მორალურ საკითხს წარმოადგენს.
„უკრაინას, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანას, უფლება აქვს აირჩიოს საკუთარი მომავალი და მშვიდობიანად იცხოვროს საკუთარ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
დღევანდელი თავდასხმები ვერ გატეხს უკრაინის სულისკვეთებასა და ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. აშშ გააგრძელებს უკრაინისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების გაწევას, რათა უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა და თავის ხალხზე ზრუნვა. საერთაშორისო საზოგადოებას პასუხისმგებლობა ეკისრება, მკაფიოდ განაცხადოს, რომ პრეზიდენტ პუტინის ქმედებები სრულიად მიუღებელია. ახლა დროა ვილაპარაკოთ უკრაინის მხარდასაჭერად. ახლა არ არის თავის შეკავების, დამამშვიდებელი სიტყვების ან თავის არიდების დრო. გაეროს წესდების ძირითადი პრინციპები საფრთხის ქვეშ არის.
ამ ომში ერთი აგრესორია: რუსეთი. მხოლოდ ერთი ქვეყანაა, რომელიც ამ ომს ამძაფრებს: რუსეთი. ერთი ადამიანია, რომელსაც ახლა ამ ომის შეჩერება და რუსული ძალების გაყვანა შეუძლია: ვლადიმერ პუტინი“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა გუშინ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. რუსული იერიშის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, 60-მდე კი დაშავდა.