გაეროს გენერალური მდივანი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმით ღრმად შოკირებულია
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული დღევანდელი სარაკეტო თავდასხმით „ღრმად შოკირებულია“.
ამის შესახებ გუტერეშის წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.
„გენერალური მდივანი ღრმად შოკირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების დღევანდელი ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმებით უკრაინის ქალაქებზე, რამაც, გავრცელებული ინფორმაციით, გამოიწვია ფართომასშტაბიანი ზიანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და რასაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ეს არის ომის კიდევ ერთი მიუღებელი ესკალაცია და, როგორც ყოველთვის, მშვიდობიანი მოსახლეობა ყველაზე მაღალ ფასს იხდის“, – განაცხადა სპიკერმა.
ამასთან, როგორც დუჟარიკმა აღნიშნა, გუტერეში დღეს დილით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.
მისივე თქმით, სატელეფონო ზარი სარაკეტო იერიშის გარდა, უკრაინაში მიმდინარე ვითარებას ეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა დღეს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. რუსული იერიშის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, 60-მდე კი დაშავდა.