ევროპარლამენტის პრეზიდენტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ და უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ

რუსეთის მხრიდან ესკალაციის ფონზე, ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად მეტი უნდა გააკეთოს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ CNN-ს განუცხადა.

„ვფიქრობ, ყველა ქვეყანას შეუძლია და უნდა გააკეთოს მეტი. ის, რაც დღეს ვნახეთ, აჩვენებს, რომ რუსეთი გააგრძელებს შემდგომ ესკალაციას… როგორ ვუპასუხოთ? თუ ჩვენი პასუხი ესკალაციის პროპორციული არ იქნება, მაშინ ჩვენ კვლავ დავინახავთ, რომ ის უფრო მეტ ადამიანს კლავს“, – აღნიშნა რობერტა მეცოლამ.

ამასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სანქციები „აშკარად არ არის საკმარისი“, რის გამოც ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდა, გაერთიანდნენ და უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ, კონკრეტულად კი ტანკები, რომელიც უკრაინელებმა მოითხოვეს.

„უკრაინა ტანკებს ითხოვს და ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა კოორდინირება გაუწიოს იმას, რასაც ის უკრაინას აძლევს. მე ვიცი, რომ მაღალი დონის წარმომადგენლები მუშაობენ ამაზე. მე ვიცი, რომ სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები